არ შეიცოდო, იამაყე!

ამბავი 15 წლის დამწყები ბიზნესმენის შესახებ სრულიად სოციალურ ქსელს მას შემდეგ მოედო, რაც ამ ბიჭის დედამ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა და გარე-ვაჭრობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შესაბამისად, შვილის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა სთხოვა. დედის წერილით თბილისის მერია და პირადად მერიც მართლა დაინტერესდა, ,,ახალგაზრდა ბავშვს“, რომელიც სინამდვილეში ან ბავშვია ან ახალგაზრდა, მზიურში ფერადი ჯიხური დაუდგეს და საქმიანობაში სამომავლო მხარდაჭერაც აღუთქვეს. გულისამაჩუყებელი ამბავია, ისეთი ყველამ ყველას რომ უნდა მოუყვეს, რომ სიკეთის კეთების მაგალითებიც ისე გავრცელდეს და მოედოს ამ მტვერითა და შხამით გაბუღულ ქალაქს, როგროც გესლიანი ქილიკი და ლანძღვა. ჩვენ გვჭირდება, მე პირადად მჭირდება, დადებითი ემოცია, კეთილი ამბები, რომ საბოლოოდ არ დავკარგო იმედი ადამიანების მიმართ, რომ ამ მოჯადოვებულ სივრცეში ცოტაოდენი მზის სხივი და სუფთა ჰაერიც გაერიოს. 15 წლის გიგის ისტორიას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, მე ბლოგს ამ ამბავზე არ დავწერდი, იმიტომ რომ ზღაპრის ბოლო თითქოს კეთილი ჩანს, მაგრამ ერთ დღეს გიგის ინტერვიუ მოვისმინე და აი ბლოგიც.

გიგის დედას ვიცნობ, ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩემზე მთელი ორი წლით უფროსია და მაშინ, სკოლის პერიოდში, ეს უსაშველოდ დიდი განსხვავებას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ იყო განსაკუთრებულად სასიამოვნო და მეტიც – საამაყო რომ მთლი ორი წლით დიდი გოგო და მისი სხვა კლასელები, მე და ჩემს კლასელ გოგოებს გვმეგობრებოდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ არა ერთი ან ორი, არამედ ზუსტად ოცი წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე გიგის დედას სულ რამდენჯერმე შევხვდი და ისიც შემთხვევით, თუმცა ამის მიუხედავად, ის ჩემს მოგონებებში ძალიან კეთილ, მეგობრულ და კარგ ადამიანად არის დალექილი. ვიცოდი რომ ჰყავს ოთხი არაჩვეულებრივი შვილი და ამ ოთხიდან პირველი, უფროსი გიგი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. გიგის რომ ვუსმენ, ვფიქრობ რა ყოჩაღია, რა ბედნიერი და ამაყია ალბათ თათო ასეთი შვილი რომ გაზარდა. ამასწინათ სადღაც წავიკითხე რომ ფრაზა ,,შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ შშმ პირებს გარკვეულად შეურაცხყოფს, მათი ძალისხმევისა და გამბედაობის დაკნინებას ნიშნავსო. სწორედ ასე ვფიქრობ მეც. შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს და სწორედ იმიტომ, რომ ისინი არსებობს და მრავალ ადამიანს უწევს ამ სამყაროსთან შეზღუდული შესაძლებლობებით გამკლავება, არის გიგი ყოჩაღი! ის რომ გიგი დამოუკიდებლად გადაადგილდება და ჯოხის დახმარებით დადის, მხოლოდ შრომის შედეგია, სხვაგვარად ის ადგილიდან ფეხსაც ვერ დაძრავდა, ის რომ დამოუკიდებლად კიბეზე ჩადის, ეს კიდევ უფრო დიდი შრომის შედეგია. მე თავისუფლად დავდივარ, დავრბივარ კიდეც, კიბეს ისე ავივლი და ჩავივლი ერთხელაც არ დავფიქრდები, რომ ეს მარტივი, მექანიკური მოქმედებების ჯაჭვი, ვიღაცისთვის მიუღწეველი და დაუძლეველია. შეზღუდული შესაძლებლობები რომ არსებობს, მაგრამ ამავე დროს ადამიანის თუნდაც შეზღუდულ შესაძლებლობებს არ აქვთ საზღვარი! არ აქვს საზღვარი გიგის სურვილს იცხოვროს ისე, როგროც სრულუფლებიანმა ადამიანმა, აკეთოს ის რაც სურს და იყოს ბედნიერი. ყველაზე მეტად თათოს სწორედ ამ სიტყვებმა იმოქმედა ჩემზე: ორი ვარიანტი მქონდა ან სახლში ჩამეკეტა და ვყოფილიყავი მშვიდად, მაგრამ გიგი ყოფილიყო უბედური, ან მისი სახლიდან ყოველი მორიგი გასვლის დროს მენერვიულა, მაგრამ გიგი ყოფილიყო ბედნიერიო. ალბათ მხოლოდ ძალიან ძლიერი ადამიანები იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. მაგრამ აქ მთავარი თათო არ არის მაინც, აქ მთავარი გიგია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დადის ბაზრობაზე, ყიდულობს სხვადასხვა ნივთებს – ფერად ბუშტებს, საახალწლო ბრჭყვიალებს, პასტებს და შემდეგ სახლთან ახლოს, რუსთაველზე ჰყიდის. რამდენიმე ხნის წინ სულ ახალი საქმიანობა წამოიწყო, ბაზრიდან ახლო უკვე ხილს ეზიდება და საკუთარი დანაზოგით ნაყიდი ხელსაწყოს საშუალებით ხილის ნატურალურ წვენებს ამზადებს. პირველი რეაქცია მაინც არის – საწყალი… დედამ როგორ გამოუშვა… არ მინდა რა ეს კომენტარები… სწორედ ასე ამბობს გიგი ინტერვიუში, რომელსაც ალბათ ათასჯერ მოვუსმინე. რატომ?! რატომ გვეცოდება ჩვენ გიგი, რომელიც მართალია, ჩვენგან განსხვავებულად გამოიყურება და მეტყველებს, მაგრამ ჩვენზე ძლიერი და ყოჩაღია. პირველი რეაქცია, როდესაც გიგის ამბავს შევიტყობთ, რატომ არ არის: რა ყოჩაღია და მაგარი, რა ძლიერი ბიჭია, მეც მინდა ასეთი ვიყო! რა შუაში აქ შეცოდება?! ან თუ მაინცა და მაინც გვინდა, გვჭირდება ვინმე გვეცოდებოდეს, რატომ საკუთარ თავს არ ვიცოდებთ, როდესაც საოცარ ფერთა სამყაროში ასეთ უფერულ პრიმიტივებად ვვითარდებით და მხოლოდ იმას ვხედავთ რაც ზემოდან არის, სიღრმეებს არ ან ვერ ვწვდებით და არც ვცდილობთ. ზედაპირულად და მარტივად აღვიქვამთ სამყაროს და კიდევ სხვა გვეცოდება?! გიფიქრიათ რას იწვევს ჩვენი შეცოდების გრძნობა მასში ვინც გვეცოდება, ვინც საათებს, დღეებს ხარჯავს, დაუღალავად ვარჯიშობს და შრომობს რომ კიბე ჩაიაროს და ჩვენგან ამის გამო აღფრთოვანებას თუ არა, აღიარებას მაინც ელოდება და ჩვენ ამ დროს წყლიანი თვალებით შეცოდებას ვაჩეჩებთ. რაში ჭირდება გიგის შეცოდება?! სხვათა შორის არც ფული ჭირდება, სადღაც ასეთ გამოხმაურებასაც გადავაწყდი, რად უნდა ჯიხურიო, ფული მიეცათ, ფულით დახმარებოდნენო. ჰკითხეთ თქვენ გიგის, უნდა კი თვენი ჩაკუჭული ფული? არა, გიგის თქვენი ფული არ სურს! გიგის სურს განვითარდეს, დაეუფლოს შესაბამის უნარ-ჩვევებს და საკუთარი შრომით, წამოწყებული საქმიანობა გააფართოვოს. სკოლაშიც დადის და კერძო მასწავლებლებთანაც მეცადინეობს, ამაში ეჭვი არ შეგეპარებათ, თუ მის ინტერვიუს მოუსმენთ. ერთადერთი რაც ყველას შეგვიძლია გიგისთვის გავაკეთოთ, მისი ნატურალური წვენების დაგემოვნებაა. ყოველთვის, როდესაც მზიურთან მოგიწევთ გავლა, სანამ დანიშნულების ადგილას მიხვალთ ჩაიარეთ მზიურში, გიგის გემრიელი ხილის წვენი დააწურინეთ, მომსახურების საფასური გადაუხადეთ და ამით გამოწვეული დადებითი ემოცია ხილის წვენთან ერთად თან წაიღეთ. როგორ ადვილად, მარტივად და დაუფიქრებლად შეგვიძლია ადამიანებს ყველაფრის გაფუჭება და დანგრევა. მიეცი ფული! ალბათ იმიტომ ვართ განვითარების იმ ადგილას სადაც ვართ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, მოვიდეს ვინმე და მიყიდოს გაზი, მიყიდოს დენი, მიყიდოს ფეხსაცმელი და მხოლოდ ცოტანი თუ ფიქრობენ – შევქმნათ შრომის ჯანსაღი პირობები, შევქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები, ავამოქმედოთ სოციალური ნორმები, დავადგინოთ სანიტარული სტანდარტი და მოგვეცეს საშუალება ვიმუშაოთ და ადეკვატური სარგო გამოვიმუშაოთ. თავად ვიყიდი გაზს, დენს, წყალს და ნაგავს! მე არ მიკვირს რომ თათოს ასეთი შვილი ჰყავს და არც ის მიკვირს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამგვარად რომ ფიქრობს. არაფერი მიკვირს, აბა რატომ ვბობოქრობ? იმიტომ რომ ამბიცია მაქვს საზოგადოების იმ ნაწილზე ვიმოქმედო, თუ აქამდე არ დაფიქრებულა, ახლა მაინც დაფიქრდეს, რომ გიგი საცოდავი არ არის, არც თათოა საცოდავი, თათომ გაზარდა ადამიანი, რომელიც მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა შეუძლებელს აკეთებს, ის არ ელოდება ,,რაღაცას“, არც ამ საშინელ და პრიმიტიულ ფრაზას ამბობს: ,,რა ვიცი ვჩალიჩობ და რა გამოვა არ ვიცი“, ის მოქმედებს, დილას დგება მიდის ბაზარში ყიდულობს ხილს ათავსებს ტაქსის მანქანაში, მოდის სამუშაო ადგილას და გასაყიდად ამზადებს წვენს. იგი მოქმედებს, ის არაფერს ელოდება, ის მოქმედებს, იმიტომ რომ ძალა და ენერგია, ხსნა და გამოსავალი მხოლოდ მოქმედებაშია! როგორ მინდა რომ აღარასოდეს მოუწიოს ამ საშინელი და შეურაცხმყოფელი ემოციის განცდა და აღარასდროს იგრძნოს სხვების შეცოდება, გიგი არ არის ცოდვა, გიგი ყოჩაღია, ის გაბედული და ბედნიერია. ის რომ გიგის და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ჩვენი თანაბარი განვითარების და ზოგადად სიცოცხლის პირობები უნდა ჰქონდეთ, არც ქველმოქმედებაა და არც კეთილი ნება, ეს ვალდებულებაა, ეს  სტანდარტია, არა ევროპული, არამედ ადამიანური სტანდარტი, რომელიც ყველგან და ყოველთვის უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ყველგან და ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, მაგრამ ამ ქვეყნიური სიკეთით სარგებლობის უფლება ყველას თანაბრად აქვს. გიგის დამზადებული წვენი ჯერ არ გამისინჯავს, ვფიქრობ აუცილებლად გავიცნობ, ჩემთვის მჭირდება, ეგოისტურად ჩემთვის მინდა რაც შეიძლება მეტ ასეთ ადამიანს ვიცნობდე, რომ არასდროს დამეკარგო იმედი ადამიანების, მათი შესაძლებლობების უსაზღვრობის მიმართ, იმისთვის რომ მივბაძო მას და არასდროს შევუშინდე შეზღუდულ შესაძლებლობებს. თუ გიგის არ დაეხმარებით და მის დაწურულ წვენს არ იყიდით მზიურში, ხელს მაინც ნუ შეუშლით – ნუ შეგეცოდებათ, იამაყეთ მისით!

6 thoughts on “არ შეიცოდო, იამაყე!

  1. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვარ, მაგრამ დაახლოებით წელიწადნახევარია საკუთარი ჯიბის ფულს მეთვითონ გამოვიმუშავებ ხან როგორ, ხან როგორ. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვგრძნობ ხალხისგან სიბრარულის გრძნობას. რამოდენიმეს უკითხავს კიდეც რატომ ვმუშაობდი, რატომ ვიკლავდი თავს, ვერ იგებდნენ ჩემხელა გოგო თუნდაც რატო იდგა და რატო ყიდდა ფასდაკლების ვაუჩერებს. ჰოდა ვიცი რა შეგრძნებაცაა ეს ყველაფერი, როცა იმის მაგივრად რომ შეგაქონ, საკუთარ თავს გაცოდებენ. და რამდენჯერ შემცოდებია ხალხის სიტყვების გამო საკუთარი თავი, როცა რეალურად ვამაყობ იმით, რომ რასაც მე 16 წლის ასაკში ვაკეთებ, ბევრს 25 წლის ასაკშიც არ აქვს გაკეთებული.

    Liked by 1 person

  2. ის რომ გიგის და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ჩვენი თანაბარი განვითარების და ზოგადად სიცოცხლის პირობები უნდა ჰქონდეთ, არც ქველმოქმედებაა და არც კეთილი ნება, ეს ვალდებულებაა,

    Like

Leave a comment