დღესასწაულების სევდა – ადამიანები

(მესამე სერია)

სიხარული, დიდი თუ პატარა, სიხარული აღარ არის, თუ მას ვერავისთან გააზიარებ. არსებობს ემოციები, რომელიბიც მხოლოდ შენთვის გინდა შეინახო? ალბათ არსებობს, თუმცა ბევრად მეტია ის ემოციები, რომლებიც სხვასთან ერთად, სხვის მიერ მათი აღიარებით და გათავისებით სრულყოფილად შეიგრძნობა.

დღესასწაულების სევდაზე ბლოგს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ნახატის ავტორმა მომწერა: ,,უფრო დღესასწაულის ვინმესთან გაზიარება რომ გინდა და ვერ აზიარებ. ან მარტო ხარ, ან არ ხარ მარტო, მაგრამ გარშემომყოფები არ არიან იგივე განწყობაზე, ამიტომ გარშემო ეს მორთულობები რაღაცნაირად ან ფერმკრთალდება და ან პირიქით ისე კაშკაშებს და ბრწყინავს ყველაფერი, რომ საშინლად გაღიზიანებს და გახსენებს შენი სევდის მიზეზებს. ან გახსენდება ის ადამიანები, რომლებთანაც არა მარტო დღესასწაულებს, არამედ ყოველდღიურობასაც აზიარებდი და რომლებიც აღარ არიან ჩვენს გვერდით.”

აქაც ნინა დამეხმარე, რადგან ჩემთვისაც ერთ-ერთი მთავარი წინასადღესასწაულო სევდა, სწორედ ადამიანებს უკავშირდება, რომელებიც ან საერთოდ აღარ არიან, ან შენს ცხოვრებაში აღარ არიან. მოჭარბებული სიხარულის, ბედნიერების განცდის, სასწაულების მოლოდინის დროს ამ ადამიანების არსებობა/არ არსებობა – სიხარილის ხარისხის პირდაპირ პროპორციულია. ბევრი ადამიანი აკლდება ყოველ წელს ჩემს ახალ წელს და თუ ამ დროს ვინმე მახსენდება, ეს უპირობოდ არის ჩემი ბაბუ და ორი ბებია, რომლებიც ახალ წელს და ნებისმიერ სხვა დღეს, მხოლოდ იმიტომ არსებობდნენ, რომ ჩემი ცხოვრება ყოფილიყო ბევრად, ბევრად უკეთესი. წინასაახალწლო სევდა, ადამიანებზე სევდაა…

უსიყვარულოდ დარჩენის სევდაც, ადამიანებზე სევდაა, ოღონდ სულ სხვანაირი. მართალია, შეიძლება არ ხარ მარტო, არსებობენ ადამიანები, რომელებიც შენს სიხარულსაც იზიარებენ და საკუთარსაც გიწილადებენ და ასეთ დროს კიდევ უფრო მეტის სურვილი შეიძლება უმადურობაც იყოს, თუმცა, დღესასწაული ვერ იქნება სასწაულების დღე, თუ არ არსებობს ადამიანი, რომელიც შენი პირადი სასწაული არ არის, რომლისთვისაც შენ არ ხარ პირადი სასწაული. მართალია, ყველაფერი ფერმკრთალდება, ან პირიქით – უსიამოვნოდ გჭრის თვალს, როდესაც ამ ყველა ფერს ვერავისთან აზიარებ და მარტო ხარ.

ადამიანი მარტო ტიპია, ის მარტო მოდის და მარტო მიდის, თუმცა, როგორც ადრე ვთქვი- სიყვარულის, თუნდაც ერთჯერადი ან ცოტახნიანი, მაგრამ მაინც სიყვარულის შედეგად მოდის და მთელი ცხოვრება თავისი წილი სიყვარულის ძიებაში ატარებს. გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად, თუმცა სიყვარულის სურვილი ყველა ადამიანში დევს და ყველა ადამიანი სევდიანია, თუ თავისი წილი სიყვარულის გაზიარების შესაძლებლობის გარეშე რჩება. მართალია, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ თქვენ ერთად, ერთ საწოლში, ერთი საბნის ქვეშ იწვეთ, ბალიშის ქვეშ ახვედრებდეთ ერთმანეთს საჩუქრებს, მაგრამ ემოციურად სულ სხვაგან გრძნობდეთ თავს. წინასაახალწლო საგიჟეთი, ყველა ემოციას ამძაფრებს და ყველა სურვილს გამოკვეთავს, სურვილების ძლიერი კონცენტრაცია, ძლიერ განცდებს იწვევს და ამიტომ არის სევდაც ასეთ დროს უფრო მძაფრი – სასწაულების დღეს, თუ ის მართლა დღესასწაულია, აუცილებლად უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც შენი პირადი სასწაულია, რომლისთვისაც შენ პირადი სასწაული ხარ.

Leave a comment