კავშირები

გიფიქრიათ, სად მიჰყავს სამყაროს თქვენგან ადამიანები, სად და რატომ მალავს მათ? არა, ჯვარი აქაურობას – სიკვდილს არ ვგულისხმობ. ცოცხალ და ჯანმრთელ ადამიანებს ვგულისხმობ, აი ისეთებს, ადრე რომ სულ, ნუ სულ თუ არა, ძალიან ხშირად რომ იყავით ერთად, ბევრი საერთო მეგობარი, ბევრი საერთო ნაცნობი, ბევრი საერთო საყვარელი ადგილი, საერთო ემოცია, საერთო ინტერესი, საერთო ჩვევები რომ გაქვთ და თითქოს არ შეიძლება სხვანაირად იყოს და უცებ აღმოჩნდება, რომ წლები ისე გავიდა, არსად მოგიკრავთ თვალი, ისე დაეკარგეთ ერთმანეთს თვალსა და წლებს შუა, რომ თითქოს არც კი არსებობდით. ამ დროს როგორ არ არსებობდით, არსებობდით და თან როგორ! არ ფიქრობთ, რომ უცნაურია? მე ვფიქრობ რომ ძალიან უცნაურია.

წინასაახალწლო დღეებში, როდესაც ყველა დიდი მანქანით სადღაც მიდის და შემდეგ ამავე მანქანით უკან მოდის, რის გამოც მთელი ქალაქი ერთ დიდ პარკინგის სივრცეს ემსგავსება, მე ფეხით დავდივარ. ფეხით სიარული მიყვარს. ხან ვინ შემხვდება, ხან ვინ, ხან ვინ გამახსენდება, ხან ვინ, მაგრამ აი კონკრეტულად ის ვიღაც არასდროს რომ არ მხვდება, უცნაურია, აბა რა არის?! თუ სხვა დროს შემთხვევით, მაგალითად იუსტიციის სახლში შემხვდებოდა, იმიტომ რომ რაღაც გაუგებარი დამთხვევით ერთ დღეს მოგვიწია პირადობის მოწმობის აღება, ან მაგალითად აუცილებლად იმ ბარში შემოვიდოდა, სადაც მეც პირველად ვარ იმ დღეს, ან მეგობრებთან ერთად, თბილისის 5 კინოთეატრიდან მანცდამაინც იმ კინო დარბაზში, იმ სეანსზე აღმოჩნდებოდა, სადაც მე ვარ – ახლა სად არის? მიწამ გადაყლაპა თუ გველეშაპმა? სად წაიყვანა სამყარომ, სად დამალა? და თუ დამალა, ეს რატომ გააკეთა?

არა, მიწას ნამდვილად არ ჩაუყლაპავს, არც გველეშაპს – ეს ზუსტად ვიცი. არა, არც სხვა ქვეყნის, სხვა ქალაქი აურჩევია საცხოვრებლად. ჩვენ ერთი და იგივე ქალაქის, ერთი და იგივე ქუჩების, ერთი და იგივე დროის სარტყელში ისე გადავაადგილდებით, რომ სულ ყოველთვის ვცდებით ერთმანეთს. რატომ მალავს სამყარო ჩვენგან ამ ადამიანებს, ან იქნებ ჩვენ გვმალავს მათგან, მაგრამ რატომ? რატომ აკეთებს ამას, როგორ შეიძლება ასეთ უცნაურ დამთხვევას არ ჰქონდეს მიზეზი, თუ შეიძლება?

სინამდვილეში მიზეზი არის და მე ვიცი ამის მიზეზი. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ვიცი. როდესაც ვფიქრობ და ყველა ის უცნაური დამთხვევა მახსენდება, სადაც არც რაციონალი არსებობს და არც ლოგიკა, პასუხი თავისით მოდის – ძლიერი ემოციური კავშირი, კავშირი, რომელიც ორივეს გვაიძულებს სწორედ იქ აღმოჩნდეთ, სადაც ჩვენს ქვეცნობიერებს ერთმანეთი ეგულებათ. რაც უფრო არალოგიკური და არათანმიმდევრული, უცნაური და გაუგებარია ეს დამთხვევა რაციონალისთვის, მით უფრო ჰარმონიულად მოქმედებს ემოციური კავშირი. მგონი ზუსტად ხვდებით რასაც ვგულისხმობ, ხომ? როდესაც ორ სხეულს შორის არსებობს ემოციური კავშირი, ისინი აუცილებლად ხვდებიან ერთმანეთს და სწორედ ეს გვათქმევინებს ხოლმე ჩვენ ადამიანებს – სამყარო რა პატარააო. სამყარო არც დიდია და არც პატარა, ის ისეთია, როგორიც არის, მანძილს, დროს, საზღვრებს, დროის სარტყელს, არაფერს აქვს მნიშვნელობა, როდესაც ერთი სხეული დანიშნულების წერტილიდან მეორე სხეულთან შეხვედრის სურვილით იწყებს მოძრაობას და როდესაც მეორე სხეულის მოძრაობას, იგივე მიზეზი განაპირობებს. ასეთი ორი სხეული, მიუხედავად მოძრაობის ათვლის და დანიშნულების წერტილისა, ყოველთვის შეხვდება ერთმანეთს. ეს შეიძლება ფიზიკაა, შეიძლება ქიმია, შეიძლება რამე სხვა, მაგრამ ეს ასეა.

სად მიჰყავს სამყაროს ჩვენგან ადამიანები, სად და რატომ მალავს მათ? სინამდვილეში სამყარო არაფერ შუაშია. სხვადასხვა დანიშნნულების წერტილიდან მოძრავი სხეულები, ვერასდროს შეხვდებიან ერთმანეთს, თუ მათ შორის ემოციური კავშირი გაწყდა. როდესაც კავშირი ორმხრივად წყდება, სხეულები განაგრძობენ სამყარაშო მოძრაობას, პოულობენ სხვა კავშირებს და მათი მოძრაობის ტრაექტორიაში, არაფერი დისჰარმონიული არ ხდება. ცალმხრვად შეწყვეტილი კავშირის დროს, კი ყველაფერი ირევა. არა, ყველაფერი არა, იმ ერთი სხეულის მოქმედების ტრაექტორია ირევა, რომელიც კავშირის გაწყვეტას არ ეთანხმება, ან არ ეგუება, რაც გნებავთ ის დაარქვით. რამდენი ხნით ირევა? წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება დიდი ხნით, შეიძლება ცოტა ხნით, შეიძლება სამუდამოდ. მე რა ვიცი და თქვენ იცით?

პ.ს. არა არ მგონია, რომ ახალი წლის ,,ჯადოსნურ ძალას” დაკარგული კავშირების აღდგენა შეუძლია, არ მგონია, მაგრამ მაინც მეფიქრება და ჰო, რაციონალი აქაც არ არის.

მხატვარი: Nina Metreveli Ink Art

Leave a comment