მამაო, შავი ჯიპი და მე

გუშინ ისეთი მამაო გავიცანი, გაგიჟდები ისე მოგეწონება, მითხრა ჩემმა კლასელმა სოფომ.80–ანების ბოლო იყო, ანუ დრო, როდესაც თავსაფრით ტაძარში სიარული, პირდაპირ რომ ვთქვათ, მოდური გახდა. ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა ქუხდა, თითქოს ყველა ერთიანად გამოფხიზლდა, ჰაერიც სხვანაირად დაიმუხტა, ყველა ერთიანი და ერთიანი სულისკვეთებით, დამოუკიდებელი საქართველოსთვის ავლენდა ლოცვას. მე ისეთ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც რელიგია, როგორც ასეთი, ცალკე საგნად ისწავლებოდა. პირველად სწორედ სკოლაში ვეზიარე რელიგიის ისტორიას და პირველი ,,მამაო ჩვენო“–ც საკლასო ოთახში წარმოვთქვი. მოკლედ, ის რომ ღმერთი არსებობს, საეჭვო არსოდროს გამხდარა ჩემთვის. აქვე აუცილებლად პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ: კლასელებმა გადავწყვიტეთ საკლასო ოთახში ე.წ. წმინდა კუთხე მოგვეწყო, ხატებით და სანთლებით. მახსოვს ჩვენი ქართულის მასწავლებელი როგრო გაღიზიანდა. ის თავად გვატარებდა ეკლესიაში და გვიყვებოდა უამრავ ისტრორიას რელიგიის შესახებ, მაგრამ ჩვენი ეს ქმედება არ მოიწონა და მკაცრად გვითხრა, თუ სანთლის დანთება და ლოცვა გვინდოდა, ეკლესიაში უნდა წავსულიყავით, სკოლა და კლასი, არ იყო ამისთვის შესაფერისი ადგილი.

სოფოს აღფრთოვანება ბუნებრივია გადამედო და მამამჩემს ვთხოვე ფერისცვალების ეკლესიაში წავეყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ტაძარში არასოდროს მატარებდნენ და რელიგიის თემაზე მათთან არასდროს მისაუბრია იქამდე, მამა მაშინვე დამთანხმდა და წავედით. ფერისცვალების ეკლესია ავლაბარშია, გვერდით დედათა მონასტერია, წინ არჩვეულებრივად ლამაზი ბაღი და საოცარი ხედი თბილისზე. ეს დღე, როდესაც მე შეგნებულად მივედი მამაოსთან, არასდროს დამავიწყდება. მამა ალექსანდრე, მამაჩემის კურსელი აღმოჩნდა, რომელთანაც მამა მეგობრობდა, მაგრამ ბოლო წლები ერთმანეთი დაკარგული ჰყავდათ. ახლაც მახსოვს მამა ალექსანდრეს აღფრთოვანება, როდესაც გულში ჩამიკრა და მამას უთხრა: წარმოიდგინე, შენმა შვილმა გვაპოვნინა ერთმანეთიო!

მამა ალექსანდრესთან რამდენიმე წელი ვიარეთ, წირვაზე და ლოცვაზე მამაჩემი დამყვებოდა. ვისწავლე დილა–საღამოს ლოცვების კითხვა, პირველი აღსარებაც მამა ალექსანდრეს ჩავაბარე და მანვე მაზიარა პირველად. ამ ყევლაფერს კი ფონად დაყვებოდა უდიდესი სიყვარული, სიხარული და ბედნიერება, იმის გამო, რომ ძველმა მეგობრებმა ერთმანეთი იპოვეს.

პირველი გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია და ხშირად, სწორედ, ეს პირველი განაპირობებს ხოლმე ადამიანის დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის, საკითხის თუ რაიმე სხვის მიმართ. ამიტომაც, ვფიქრობ, მე გაგიმართლა, როდესაც ჩემი პირველი მოძღვარი საოცრად კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც დროის იმ მცირე მონაკვეთში, როდესაც ჩემი სულიერი მამის ფუნქცია იკისრა, იმდენი სიყვარული და სითბო მაჩუქა, ახლაც ვგრძნობ.

მახსოვს სოხუმში ვიყავი, როდესაც მამამ თბილისიდან დარეკა და მამა ალექსანდრეს გარდაცვალების შესახებ მითხრა….

ბევრი წელი გავიდა იქამდე, სანამ ახალი მოძრვარი მეყოლებოდა. ეს არ იყო მარტივი, ზოგადად, არ არის მარტივი მიხვიდე უცხო ადამიანთან და გაანდო ყველაფერი, ყველაფერი, ის რაც შენ გულში და გონებაში ტრიალებს, რისიც გეშინია ან გცხვენია. ამიტომაც ბევრი წელი ვიყავი ძიებაში.

1999 წელს, მე და დედა, სრულიად შემთხვევით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში შევედით. მამა ბასილი წირავდა. პირველი რაც დავინახე იყო მისი თვალები. ადამიანის თვალები, იმაზე მეტს ამბობს მასზე, ვიდრე ნებისმნიერი სხვა რამ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. იმ დღეს ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ხანგძლივი ძიები დასრულდა. მე ვიცოდი ვინ გახდებოდა ჩემი სულიერი მამა. 1999 წლის ივნისიდან 17 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა…მამა ბასილი მამაჩემის მეგობარი არ ყოფილა და მასთან სხვა არაფერი მაკავშირებდა და თუ მანამდე ვფიქრობდი, რომ ჩემი პირველი მოძღვრის სიყვარული ჩემდამი, ცოტათი მაინც, სუბიექტური იყო, მამა ბასილთან ურთიერთობის ბევრწლიანი ისტორიის მანძილზე, ასე აღარ ვფიქრობ. არ მახსოვს ამ ხნის მანძილზე, თუ კი ოდესმე სასოწარკვეთილი ვყოფილვარ, გზააბნეული, ან უსაზღვროდ გახარებული, არ მომდემობოდეს მისთვის ამის გაზიარება. ეს არ არის ვალდებულება და ამას არავინ მიბრძანებს. ეს უკვე სულის მოთხოვნილებაა. ერთხელ მამაომ მითხრა, როდესაც ღმერთის სიყვარულს ერთხელ მაინც შეიგრძნობ და ეზიარები, ეს სიყვარული მუდმივად რჩება შენს გულში და ცხოვრების ბოლომდე არ მოგასვენებსო. არ არსებობს თემა, რომელზეც არ მისაუბრია მამა ბასილთან, მაქვს ბევრი წინააღმდეგობა, მიჩნდება ბევრი კითხვა, მჭირდება ბევრი პასუხი და ჩემი სულიერი მოძღვარი ყოველთვის იქ არის, სადაც მე შემიძლია ნებისმიერ დროს მივიდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მყავს მეგობრები, მყავს და ძალიან კარგი და ძალიან ბევრი, უბრალოდ მამაო მეხმარება, მეხმარება, რომ განვთავისუფლდე სინდისის ქენჯნისგან, ავი აზრებისგან, ან ქმედებისგან. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მე სხვაზე უკეთესი ვარ და წმნიდანივით ვცხოვრობ, არა რა სისულელეა! ცოდვა ადამიანის მუდმივი თანმხლებია, უბრალოდ, ეკლეიაში სიარული გაძლევს შესაძლებლობებს, მოერიო მას და უკეთესი გახდე. არ ვიცი, შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია და რეალურად, ბევრ ცოდვას მე დღემდე ვებრძვი, მაგამ ამ ხნის მანძილზე რაც ნამდვილად ვისწავლე არის ის, რომ არავის და არასდროს ვუსურვებ და გავუკეთებ ბოროტებას, ბოდიშს მოვიხდი, თუ დამნაშავე ვარ. არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ მინდა ჩემგან მხოლოდ სიყვარული მოდიოდეს და არ მოდიოდეს ავი! როგორც მამაჩემი ამბობს, სრულყოფა დაუსრულებელი პროცესია და ამ პროცესის დაუსრულებელ გზაზე, მე მჭირდება სულიერი მოძღვარი.

ალბათ ამდენს არ დავწერდი, რომ არა ბოლო წლებში ატეხილი უგვანო პანიკა ჯიპებიან მამაობზე. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი ჩემს მამაოს რა მანქანა ჰყავს, მართლა არ ვიცი. ის შავ ჯიპზე იჯდება, თუ დანჯღრეულ ნივაზე, მისი თვალები მაინც მხოლოდ სიკეთეს გამოსჭვივის და ის მხოლოდ სიყვარულს ქადაგებს და ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი. ყოველთვის, როდესაც სასულიერო პირების წინააღმდეგ ახალი ტალღა გორდება, მინდა ხმამაღლა ვუთხრა ყველას, გაიცნონ ახლოს სულიერი მამები, მივიდნენ ტაძარში და უბრალოდ დაელაპარაკონ მათ. ეს არ არის განყენებული კასტა ადამიანებისა, რომლებიც კვარცხლბეგზე სხედან და ბრძანებებს გასცემენ. ისინი ადამიანები არიან, ჰყავთ შვილები, აქვთ მიწიერი და ყოფითი პრობლემები, იციან საბურავის გამოცვლა, აქვთ ინტერნეტი და საკუთარი პროფაილიც კი სოციალურ ქსელსი, ისინი იცნობენ მწერლებს და უსმენენ მუსიკას, ესწრებიან რაგბის თამაშებს და ისვენებენ ზაფხულობით. ისინი არიან ადამიანები, ვინც 2008 წლის ომის დროს ბევრი ტყვე იხნა და მიცვალებულები გამოიყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვინც 2015 წლის ივნისის ტრაგედიის დროს, ისევე მუშაობდა, როგორც ახალგაზრდა მოხალისეები……

ხშირად მიფიქრია, რომ ბევრი ადამიანი ეკლესიას და სამღვდელოებას იმიტომ უპირისპირდება, რომ უბრალოდ ეზარება იმ წესების დაცვა, რომლებიც წელიწადში ოთხჯერ ,,გაიძულებეს“ დაიცვა მარხვა, იარო წირვა–ლოცვაზე, ჩააბარო აღსარება, გახდე იმაზე კეთილი ვიდრე ხარ. ამიტომაც აგრესიისა და პროტესტის გზა უფრო მარტივია, უფრო იოლია და ბოლო დროს საკმაოდ ტენდენციური. ე.წ. ,,პრადვინუტი“ თაობა, რომელიც გმობს ,,თავსაფრიან ბოზებს“ ეკლესიაში. ის რომ თავსაფარი მიკეთია, არ ნიშნავს იმას, რომ ,,ბოზი“ არ ვარ, ამ იარლიყს თქვენ თვითონ ჰკიდებთ მრევლს. ის რომ მე ეკლესიაში დავდივარ, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მე ჩემი დაცემული სულის გადასაერჩენად ვიბრძვი. მე არ ვიყურები თქვენს გულში, მე უბრალოდ არ მაქვს დრო თქვენი ცოდვების საძიებლად, ჩემი მაქვს ძალიან ბევრი და ამიტომ.

მესმის, რომ არის ბევრი სფერო, სადაც ეკლესია მკაცრი და ერთი შეხედვით შეუვალია. ბევრჯერ მომისმენია, რომ რჯულის კანონიც და სხვა ეკლესიური კანონებიც, ადამიანების დაწერილია. ვიცი, ისევე როგორც ადამიანის დაწერილია ის საერთაშორისო კონვენციები, თუ ხელშეკრულებები, რომლებსაც სჯულის კანონზე ზევით აყენებთ. ადამიანებმა დაწერეს და სხვადასხვა დროსა თუ ეპოქაში მოარგეს საერო და სასულიერო კანონები თანამედროვეობას, ეს ასეა, მაგრამ 10 მცნება, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ნამდვილად ღმერთისგან მოდის, უცვლელია. ეს ის ათი წესია, რომელსაც თუ დავიცავთ, სამყარო ჩვენს გარშემო ნამდვილად უფრო კარგი იქნება, ჩვენ უფრო ლმობიერები გავხდებით და უფრო რთულად გავწირავთ ერთმანეთს სალაძღავად. ვიცი, ბევრი შემეწინააღმდეგება და მომიყვანს ბერვ მაგალითს, როგორ ქადაგებს ესა თუ ის მამაო სიძულვილს, როგორ გამოხატავს აგრესიას და როგორ სცოდავს. ვიცი და მესმის, მაგრამ ჩემთვის ეს იგივეა, რომ ერთი ქალის უღირსი საქციელის გამო, ყველა ქალი დამნაშავედ ვცნოთ და დავგმოთ, სკოლაში, ერთი მოსწავლის უცოდინარობის გამო, მთელი კლასი, კლასში ჩავტოვოთ. მაპატიეთ, მაგრამ, მათ მეტი მოეთხოვებათ უსუსური არგუმენტია. მაშინ თქვენც მეტი მოგეთხოვებათ, ფართოდ გაახილეთ თვალები, არ დაიზაროთ და მოძებნეთ, მოძებნეთ სიკეთე და სიყვარული იქ, სადაც ის იბადება.

მამა ბასილი, თავად ხუთი შვილის მამა და ჩემი ორივე შვილის ნათლიაა. ის ჩემი სულიერი მოძღვარი და ჩემი ოჯახის მეგობარია. მამა ბასილის წმინდა ილია მართლის ეკლესიის წინამძღვარია და მას დიდი გული აქვს, რომელსაც თითოეულ თქვენთაგანს დიდი სიყვარულით და სითბოთი გაგიღებთ.

Leave a comment